Person

თბილისი უნიკალური ქალაქია თავისი სილამაზით, კოლორიტით და ადამიანური ურთიერთობებით, ამიტომაც თბილისელობა არის დიდი ჯილდო და დიდი ტვირთი. აი, ასეთი ტვირთი მთელი ცხოვრების მანძილზე ღირსეულად ატარა ჩვენმა სასიქადულო მომღერალმა, საქართველოს სახალხო არტისტმა ბატონმა თამაზ ლაფერაშვილმა.
სიტყვა ღირსება (ბოლო დროს რატომღაც ასოცირდება მარტო ორდენთან) პირველ რიგში მოიცავს ისეთ თვისებებს, როგორიც არის შენი ქვეყნის სიყვარული, კაცთმოყვარეობა, თავმდაბლობა და ეს ყველაფერი არის ამაღლებული სულის მქონე ჭეშმარიტი მამაკაცის თვისებები. ეს ყველა ეპითეტი ზუსტად შეეფერება ისეთ პიროვნებას, როგორიც იყო თამაზ ლაფერაშვილი ბრწყინვალე მომღერალი, არტისტი, განსხვავებული მუსიკალური აზროვნების მქონე მუსიკოსი და პედაგოგი, ჭეშმარიტი ინტელიგენტი.
აი, ასეთი კაცი დააკლდა თბილისს.
თამაზ ლაფერაშვილი დაიბადა განათლებულ ინტელიგენტთა ელენე ყარაშვილისა და იაკობ ლაფერაშვილის ოჯახში, სადაც ომის მძიმე წლებში (როდესაც იზრდებოდნენ თამაზი და მისი საყვარელი და ლია) უპირატესი ფასეულობა იყო შრომა, წიგნიერება, პატიოსნება, კეთილშობილება და მადლიერება. მოგვიანებით ამას დაემატა ქუჩის აკადემია „პლეხანოველები“, სადაც არანაკლებ ძნელი გამოცდა იყო ჩასაბარებელი გამოცდა კაცობაზე. აქ შეარქვეს თამაზს მეტსახელი პოჩო (პუტკუნა ლოყების გამო), პოჩოდ დარჩა იგი ყველასთვის სიცოცხლის ბოლომდე. პლეხანოვზე იკრიბებოდნენ ახალგაზრდები და კინოსეანსის შემდეგ მღეროდნენ ხალხურ სიმღერებს და სიმღერებს ფილმებიდან. აქვე პოჩომ დაამთავრა მე-7 რკინიგზელთა სკოლა, რომელსაც ალიოშა ცინცაძე ხელმძღვანელობდა ეს იყო პიროვნება, რომელმაც კვალი დატოვა არაერთი თაობის ჩამოყალიბებაში. აქ აღიზარდნენ კომპოზიტორები: სულხან ნასიძე, გია ყანჩელი, ვაჟა აზარაშვილი; არქიტექტორები: ოთარ ლითანიშვილი, ჯუნა თუთბერიძე; ცნობილი ინჟინრები: თამაზ ცინცაძე, ჯემალ წამალაშვილი, ირაკლი კოპალეიშვილი; ექიმი ბონდო ქობულია და სხვ.
რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტორს, ვინ შეგხვდება შენი ცხოვრების მანძილზე. ერთ-ერთი ასეთი პიროვნება თამაზის ცხოვრებაში იყო ვალერიან ქაშაკაშვილი. როცა თენგიზ ზეინკლიშვილმა სულ ახალგაზრდა თამაზი მასთან მოსმენაზე მიიყვანა, ქაშაკაშვილი იმდენად აღფრთოვანდა მისი მონაცემებით, რომ იანვრის თვეში, ისეთი დიდი მუსიკოსის ხელშეწყობით, როგორიც იყო კონსერვატორიის იმდროინდელი რექტორი იონა ტუსკია, მისცეს სტუდბილეთი და უფლება ევლო ყველა გაკვეთილზე, რის შემდეგაც ლაფერაშვილი შემოდგომაზე ჩარიცხეს კონსერვატორიაში ვოკალურ ფაკულტეტზე ვ. ქაშაკაშვილის კლასში.
ბედნიერებას არ ჰქონდა საზღვარი იმიტომ, რომ ვოკალური ნათლობა მიიღო ასეთი დიდი მომღერლის და პიროვნების კლასში, მაგრამ ეს აღმოჩნდა ძალიან ხანმოკლე ბედნიერება ვ. ქაშაკაშვილის გარდაცვალების გამო.
იმ პერიოდში თბილისში დიდი თეატრიდან ჩამოვიდა ბრწყინვალე მომღერალი ბანი დიმიტრი მჭედლიძე, რომლის კლასში, როგორც განსაკუთრებული მონაცემების მქონე სტუდენტი, ჩარიცხეს თამაზ ლაფერაშვილი. ფანტასტიკური ნიჭის და კულტურის მქონე წყვილი დიმიტრი მჭედლიძე და ვერა დავიდოვა, გახდნენ თამაზის მუსიკალური მშობლები. თამაზი იხსენებდა, რომ მათ შესძინეს მაღალი მუსიკალური კულტურა, გემოვნება და თვით დ. მჭედლიძე მიიჩნევდა მას თავის მუსიკალურ პირმშოდ.
დასაწყისში მე ტყუილად არ მიხსენებია მადლიერების გრძნობა. სწორედ დიდი მადლიერებით იხსენებს თამაზი ყველას, ვინც შეხვდა მას ცხოვრების მანძილზე და ერთ-ერთი მათგანი იყო მარია კამოევა, ვის კლასშიც თამაზი ეუფლებოდა კამერულ სიმღერას. შემდეგ ოპერის თეატრში ამას შეემატა დიდი მუსიკოსი კონცერტმაისტერი ტატიანა დუნენკო. კამოევას კლასში თამაზმა დააგროვა დიდი კამერული რეპერტუარი. კონსულტაციისთვის ყოველთვის მიმართავდნენ პროფესორ დიმიტრი შვედოვს. ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ წლების მანძილზე ლაფერაშვილი ჩამოყალიბდა კამერული მუსიკის დიდოსტატად და როცა თამაზი მიიწვიეს კონსერვატორიაში კამერული კლასის პედაგოგად, პროფესორმა შვედოვმა თქვა, რომ ახლა ჩვენ გვაქვს უფლება, ვალმოხდილები წავიდეთ კონსერვატორიიდანო.
კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, 1956წ. ლაფერაშვილი გახდა ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, ამავე დროს გახდა მსოფლიოს ახალგაზრდული სტუდენტური ფესტივალის ლაურეატი. თეატრში გატარებულმა ცხოვრებამ ქართულ ვოკალურ კულტურას შესძინა მთელი გალერეა დაუვიწყარი გმირებისა, რომელთა შორის განსაკუთრებით გამოირჩევა: მოცარტის ოპერაში „დონ ჯოვანი“ მაზეტოს, კომანდორის და ლეპორელოს, მუსორგსკის ოპერაში „ბორის გოდუნოვი“ ბორისის, პიმენის და ვარლამის პარტიები, ბოროდინის „თავად იგორში“ კონჩაკი, ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინში“ გრეშინი, „იოლანტაში“ რენე, დარგომიჟსკის ოპერაში „ალი“ მეწისქვილე, რახმანინოვის ოპერაში „ძუნწი რაინდი“ ბარონი, ოპერაში „ფრანჩესკა და რიმინი“ ლანჩოტო მალატესტა. რომ არაფერი ვთქვათ გლინკას ოპერაზე „რუსლანი და ლუდმილა“ რუსლანის პარტიაზე (ჯ. კახიძის და გ. მელივას დადგმით). ლაფერაშვილი გახლდათ ამ პარტიის ერთადერთი ქართველი შემსრულებელი და პოლონეთში, თეატრის გასტროლების დროს, სარეკლამოდ სწორედ რუსლანის არიის ჩანაწერს იყენებდნენ.
საშემსრულებლო ხელოვნებაში დიდი კვალი დატოვა ისეთი პარტიების მისეულმა ინტერპრეტაციამ, როგორებიცაა: დონიცეტის ოპერაში „დონ პასკუალე“, ვერდის ოპერებში „აიდა“ და „დონ კარლოსი“ და განსაკუთრებით – მეფისტოფელი ჰუნოს ოპერაში „ფაუსტი“.
1970წ. პოლონეთში, ქ. ლოძში ჯ. კახიძე და თ. ლაფერაშვილი იყვნენ მიწვეულები ჰუნოს ოპერა „ფაუსტის“ დასადგმელად.
„ჩემი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე შემხვდა ძალიან ბევრი არაჩვეულებრივი პედაგოგი და პარტნიორი, ბედნიერი ვარ, რომ წილად მხვდა პატივი. მემღერა ზ. ანჯაფარიძესთან, ნ. ანდღულაძესთან, ბ. კრავეიშვილთან, პ. ამირანაშვილთან. მემუშავა ისეთ დირიჟორებთან, როგორებიც იყვნენ ო. დიმიტრიადი, ა. მელიქ-ფაშაევი, ვ. ფალიაშვილი, დ. მირცხულავა, ჯ. კახიძე, გ. აზმაიფარაშვილი და ა.შ.“ იხსენებდა თამაზი.
საოცრად ლამაზი ხმის და ინტელექტუალური აზროვნების გარდა, თ. ლაფერაშვილი გამოირჩეოდა ბრწყინვალე არტისტული მონაცემებით, რაც განსაკუთრებულს ხდიდა მის მიერ შესრულებულ პერსონაჟებს. ისეთი დიდი რეჟისორები, როგორებიც იყვნენ ლ. მიხაილოვი, ე. პასინკოვი, ა. შტეინი, გ. მელივა, აღნიშნავდნენ მის ინტერპრეტაციას, ძალზედ ინდივიდუალურს. ემილ პასინკოვმა ერთხელ თქვა: „რომ ყოფილიყო საოპერო არტისტების მსოფლიო ნაკრები, თ. ლაფერაშვილი იქ თვალსაჩინო ადგილს დაიკავებდა. ის დაჯილდოებულია ნამდვილი დრამატული მსახიობის ნიჭით“. გ. პასინკოვის მიერ დადგმულ მოცარტის ოპერაში „დონ ჯოვანი“ მაზეტოს პერსონაჟმა, ლენინგრადში გასტროლების დროს, მიიქცია დიდი მომღერლის ვასილი ლუკანინის განსაკუთრებული ყურადღება. როცა ლუკანინს მიუყვანეს ახალგაზრდა თამაზი, მან გამოთქვა სურვილი ემუშავა მასთან, რისთვისაც ჩვენმა კულტურის მინისტრმა ო. თაქთაქიშვილმა ლუკანინს დიდი ჰონორარი შესთავაზა, რაზეც ლუკანინმა უარი განაცხადა: „მე 30-იან წლებში ვმუშაობდი თბილისში და სიამოვნებით გადავუხდი მადლობას ქალაქს, რომელმაც ასე თბილად მიმიღო“.
იწყება ლენინგრადის პერიოდი ლაფერაშვილის ცხოვრებაში. იმ დროს პროფესორ ლუკანინის კლასი ბრწყინავდა ისეთი ბანებით, როგორებიც იყვნენ ე. ნესტერენკო, გ. სელეზნევი, ვ. მალიშევი. სწორედ ე. ნესტერენკოსთან ერთად გაიყვეს პრემია „საუკეთესო საკონცერტო პროგრამისათვის“ საკავშირო კონკურსზე.
თამაზი არ აცდენდა არცერთ კონცერტს ჩატარებულს ლენინგრადის ფილარმონიაში, იცოდა ყველა დირიჟორისა და სოლისტის ამა თუ იმ ნაწარმოების ინტერპრეტაცია, რამაც დაატყო კვალი მის პროფესიონალურ ზრდას. ჩემი სწავლის პერიოდში პეტერბურგის ასპირანტურაში თამაზ ლაფერაშვილს მოფერებით იხსენებდნენ, როგორც „თბილისის ოპერის ჟან გაბენს“ იმდენად დაუვიწყარი სახეები შექმნა მან ლენინგრადის მცირე თეატრში: ფილიპი ვერდის ‚დონ კარლოს- ში“, პორგი გერშვინის „პორგი და ბესში“, ბაზილიო როსინის „სევილიელ დალაქში“, ტაპა ჩალაევის „მთიელებში“ (რაშიც მიღებული აქვს ცალკე პრემია). თამაზი აღმერთებდა ვ. ლუკანინს და, როგორც დ. მჭედლიძეს, მიიჩნევდა თავის „მუსიკალურ მამად“ არა მარტო პროფესიონალური თვისებების (ლუკანინი იყო ტომარსის მოწაფე და იტალიური ვოკალური სკოლის მიმდევარი), არამედ მათი ჭეშმარიტად მამაკაცური ღირსებების გამოც.
თამაზ ლაფერაშვილმა ზუსტად ასეთი თვისებები გადასცა თავის მოწაფეებს კონსერვატორიაში სოლო სიმღერის კათედრაზე მუშაობის პერიოდში. ეს არის ბგერის მაღალი კულტურა, განსაკუთრებული მუსიკალობა და ფრაზირება, ტექსტის ბოლომდე გააზრება და ამ ყველაფრის სცენაზე არტისტულად ხორცშესხმა.
მისი გამორჩეული მოწაფეები, როგორებიც არიან გიორგი გაგნიძე და მიხეილ კოლელიშვილი (პეტერბურგის მარიას თეატრის სოლისტი), ბრწყინავენ მსოფლიოს წამყვან სცენებზე, მათ შორის, მილანის „ლა სკალას“, ნიუ იორკის „მეტროპოლიტენ ოპერის“, პარიზის, მიუნხენის, იაპონიის და ა.შ. თეატრების სცენებზე.
ერთ-ერთ რეპეტიციაზე „მეტროპოლიტენ ოპერაში“ გამოჩენილმა დირიჟორმა ჯ. ლივაინმა გააჩერა ორკესტრი და ჰკითხა გ. გაგნიძეს: „სად დაეუფლეთ ასეთ ვოკალურ ტექნიკას?“ და როცა გიამ უპასუხა, რომ „ჯორჯიაში“ დირიჟორმა ჯერ იფიქრა ამერიკაში, როცა გაიგო გვარი ლაფერაშვილი, მიხვდა, რომ საქმე ეხება საქართველოს. მაესტრო ლაფერაშვილს ძალიან ბევრი მომღერალი შეეძლო აღეზარდა საქართველოსთვის, მაგრამ 2001 წლიდან იგი აღარ მუშაობდა კონსერვატორიაში.
ცალკე თემაა თამაზ ლაფერაშვილის დამოკიდებულება ქართული მუსიკისადმი. მთელი ცხოვრების მანძილზე ის გახლდათ ქართული მუსიკის გულანთებული პროპაგანდისტი როგორც თავის ქვეყანაში, ასევე უცხოეთში. გარდა დაუვიწყარი საოპერო პერსონაჟებისა, როგორებიც არიან: აბიო, ცანგალა, მაკარი (სპექტაკლი ჩაწერილია ფირმა „მელოდიას“ მიერ), ხევისბერი, კაც ზვამბაია, შერგილი, თამაზი აქტიურად ასრულებდა ქართულ კამერულ მუსიკას. თავისი განსაკუთრებული არტისტიზმიდან გამომდინარე მისთვის ქმნიდნენ და მას უძღვნიდნენ ნაწარმოებებს კომპოზიტორები: ო. თაქთაქიშვილი, ს. ნასიძე, ვ. აზარაშვილი, ნ. გაბუნია, გ. სიხარულიძე და ა.შ. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ლაფერაშვილი აქცევდა სიტყვის გამოთქმას, უზომოდ უყვარდა ქართული პოეზია სიცოცხლის ბოლო დღეებშიც ხელში ეკავა ვაჟაფშაველას ტომი.
მე ბედნიერი ვარ, რომ ცხოვრებამ მომცა საშუალება წლების მანძილზე ვყოფილიყავი ასეთი ნიჭიერი ადამიანის გვერდით, მემუშავა უშუალოდ მასთან არა ერთ საკონცერტო პროგრამაზე და საოპერო სპექტაკლზე, და ასევე, მის კლასში კონსერვატორიაში. თამაზ ლაფერაშვილს ჩემს ერთ-ერთ პედაგოგად მივიჩნევ და მთელი ცხოვრების მანძილზე ვეცდები ხელოვნებაში მისი პრინციპები გავატარო. წლების მანძილზე თამაზი ხელმძღვანელობდა თეატრის საოპერო დასს და იყო გენერალური დირექტორის მოადგილე, სადაც დიდ სიყვარულს და პატივისცემას იღებდა კოლექტივის თითოეული წევრისაგან.
ჩვენ დავკარგეთ დიდი კაცთმოყვარე ადამიანი, რომელიც წავიდა იმქვეყნად სუფთა გულით, სადაც არ იყო სიძულვილის ნატამალიც კი. მაგრამ, მე მჯერა, რომ მისი სული და ნიჭი აგრძელებს არსებობას თავის მოსწავლეებში და ხარობს მათი წარმატებებით.

საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის ჟურნალი „მუსიკა“ – 1. 2015 – ავტორი: ვიქტორია ჩაპლინსკაია